მყარი დისკი წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს კომპიუტერში. არსებობს მყარი დისკის სამი ძირითადი ტიპი: Parallel Advanced Technology Attachment (PATA), Serial Advanced Technology Attachment (SATA) და Small Computer System Interface (SCSI). გარდა ამისა, არსებობს დამატებით გარე მყარი დისკების SATA და SCSI ვარიანტები და ასევე USB გარე მყარი დისკები. თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი ფიზიკური დონის კონფიგურაცია.
PATA მყარი დისკი
ლინუქსში ტრადიციულად PATA დისკები განსაზღვრულია როგორც /dev/hda, /dev/hdb და ა.შ., სადაც /dev/hda არის პირველადი მყარი დისკი პირველ კონტროლერზე და /dev/hdb არის ამავე კონტროლერზე მეორადი დისკი. შესაბამისად, თუ მყარი დისკები მიერთებულია სხვადასხვა კონტროლერებზე როგორც პირველადი დისკები, მათი ნუმერაცია არ იქნება თანმიმდევრული. კერძოდ, პირველ კონტროლერზე მიერთებული დისკი გამოჩნდება, როგორც /dev/hda და მეორე როგორც /dev/hdc (და არა /dev/hdb).
SATA მყარი დისკი
SATA დისკი წარმოადგენს მყარი დისკის უფრო ახალ მოდელს, რომელიც საკმაოდ სწრაფად ახდენს PATA დისკების ჩანაცვლებას. ეს დისკი ინდივიდუალურად უერთდება კომპიუტერის დედა პლატას სერიული კაბელით. შესაბამისად აქ აღარ გვაქვს ისეთი ცნება, როგორიც პირველადი/მეორადი (Master/Slave) დამოკიდებულება დისკებს შორის. SATA დისკი ითვლება უფრო სწრაფ მოწყობილობად, რადგან მასზე მონაცემების ჩაწერა/წაკითხვა უფრო ჩქარა ხდება. ასევე სერიული კაბელი, რომლითაც ის არის დაკავშირებული დედა–პლატასთან უფრო თხელია. შესაბამისად ნაკლებ მოცულობას იკავებს. ნუმერაცია აღნიშნული მყარი დისკების არის იგივე, როგორიც SCSI მყარი დისკებისთვის. 2.5 სურათზე ნაჩვენებია PATA და SATA მყარი დისკები და მათი დედა–პლატასთან დამაკავშირებელი კაბელები.
სურ 2.5
SCSI მყარი დისკი
არსებობს SCSI მყარი დისკების სხვადასხვა სტანდარტები, რომლებიც იყენებენ განსხვავებული ტიპის კაბელებს და მუშაობენ სხვადასხვა სიჩქარით. ტრადიციულად SCSI წარმოადგენს პარალელურ სალტეს (PATA), თუმცა უახლესი მოდელები უკვე გამოდის Serial Attached SCSI (SAS) მყარი დისკების სახით, რომლებიც იყენებენ სერიულ სალტეს (SATA–ს მსგავსად).
SCSI უზრუნველყოფს 8–დან 16–მდე მყარი დისკის ჩართვას ერთ სალტეზე (დამოკიდებულია მოდელზე). მყარ დისკებს ენიჭებათ შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც განსაზღვრავს მყარი დისკის ადგილმდებარეობას სალტეზე. ლინუქსი აღნიშნულ მყარ დისკებს ანიჭებს შესაბამის სახელებს, სწორედ სალტეზე მათი თანმიმდევრობის მიხედვით. მაგალითად: თუ სალტეზე მიერთებულია ორი მყარი დისკი და მათ აქვთ საიდენტიფიკაციო ნომრები 2 და 4, ლინუქსი მათ აღიქვავს როგორც /dev/sda და /dev/sdb (ლინუქსში SCSI მყარ დისკებს ისევე, როგორც SATA დისკებს ენიჭებათ სახელები /dev/sdx, სადაც x წარმოადგენს ლათინურ ასოს a-დან ზევით). SCSI მყარი დისკების ასეთი ნუმერაცია ლინუქსში წარმოადგენს გარკვეულ პრობლემას, რადგან თუ სალტეზე ემატება ახალი მყარი დისკები (მაგალითად ნომრად 0 ან 1), ასეთ დისკს დაერქმევა /dev/sda სახელი, ხოლო თუ დაემატება დისკი ნომრად 3, მას ექნება სახელი /dev/sdb. ეს გამოიწვევს გარკვეულ გაუგებრობას, რადგან ეს სახელები სხვა დისკებს ეკუთვნოდა. აქედან გამომდინარე, სასურველია რომ SCSI მყარი დისკები მივაერთოთ სალტეზე თანმიმდევრულად და საიდენტიფიკაციო ნომრებიც თანმიმდევრული იყოს. ასეთი მიდგომა მომავალში თავიდან აგვაცილებს ლინუქსის მიერ მყარი დისკების სახელების განსაზღვრასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ახალი დისკების დამატების შემთხვევაში.
SCSI მყარი დისკები და მათი თანამედროვე SAS ვარიანტი ძირითადად გამოიყენება სერვერებში. 2.6 სურათზე ნაჩვენებია თანამედროვე სერვერი, რომელშიც ჩადგმულია SAS მყარი დისკები. აღნიშნული დისკის სახეობა წარმოადგენს ცხელი მიერთების (Hot-plug) მყარ დისკს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სერვერში ჩადგმა ან ამოღება შესაძლებელია ფიზიკურად სერვერის გამორთვის გარეშე. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია სერვერული სისტემებისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში სერვერების გამორთვა იწვევს მათ მიერ გარკვეული სერვისების მიწოდების შეფერხებას, რაც უმეტეს შემთხვევაში არ არის სასურველი.
გარდა შიდა SCSI მყარი დისკებისა, არსებობს ამ დისკის გარე ვარიანტი. ფიზიკური მახასიათებლები და ნუმერაცია შესაძლოა განსხვავებული იყოს შიდა და გარე მყარი დისკებისთვის, მაგრამ ლინუქსი ამ დისკებს ერთნაირად აღიქვავს და სახელების განსაზღვრა იგივე პრინციპით ხდება - /dev/sdx.
სურ. 2.6