თქვენ ამჟამად იყენებთ სტუმრის სტატუსს (შესვლა)

ლინუქსის ძირითადი პარტიციები

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რომელი დირექტორიების გამოყოფა ხდება ცალკე პარტიციებად. ცხრილი 2.2 გვიჩვენებს ამ დირექტორიების პოპულარულ ვარიანტებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოცემული დირექტორიებისთვის შექმნილი პარტიციების მოცულობის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის სისტემისთვის იქმნება ეს პარტიცია (სამომხმარებლო კომპიუტერი, ვებ–სერვერი, მონაცემთა ბაზის სერვერი და სხვა). შესაბამისად, რთულია კონკრეტული რეკომენდაციების მიცემა იმის თაობაზე, თუ რა მოცულობის უნდა იყოს თითოეული მათგანი (ქვევით მოყვანილ ცხრილში ნაჩვენებია სავარაუდო მოცულობები).
ცხრილი 2.2 საერთო პარტიციები და მათი დანიშნულება

პარტიცია (მიბმის

წერტილი)
მიახლოებითი მოცულობა დანიშნულება
Swap (მიბმის წერტილის გარეშე) 1.5 – 2-ჯერ მეტი სისტემურ მეხსიერებაზე (RAM) გამოიყენება სისტემური მეხსიერების გასაფართოებლად
/ დამოკიდებულია დისკის მოცულობაზე (10+ GB) შეიცავს დაინსტალირებული სისტემის ფაილებს
/home დამოკიდებულია დისკის და ინფორმაციის მოცულობაზე შეიცავს მომხმარებლის ფაილებს და მონაცემებს
/boot 200 MB შეიცავს კრიტიკულ ჩამტვირთავ ფაილებს და ლინუქსის ბირთვს
/usr 500 MB – 10GB დირექტორიაში ინახება სისტემაში დაინსტალირებული პროგრამების და მონაცემების უმეტესობა.
/usr/local 500 MB – 5 GB დირექტორიაში ინახება ის პროგრამები და მონაცემები, რომლებსაც მომხმარებელი ხელით აკომპილირებს
/opt 100 MB – 5 GB დირექტორიაში ინახება ის მონაცემები და ფაილები, რომლებიც დაკავშირებულია კერძო პროგრამებთან
/var 100 MB – 500 GB შეიცავს სხვადასხვა ტიპის ფაილებს, რომლებიც დაკავშირებულია სისტემის მიმდინარე პროცესების ფუნქციონირებასთან
/tmp 100 MB – 20 GB ამ დირექტორიაში ინახება დროებითი ფაილები
/mnt არ განისაზღვრება არ წარმოადგენს ცალკე პარტიციას. გამოიყენება როგორც მიბმის წერტილი სხვადახვა პერიფერიული მოწყობილობებისთვის (CD-ROM)
/media არ განისაზღვრება არ წარმოადგენს ცალკე პარტიციას. შეიცავს ქვედირექტორიებს, რომლებიც გამოყენებულია სხვადასხვა მოწყობილობების მიბმის წერტილად.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ცხრილში მოყვანილია მხოლოდ მიახლოებითი მოცულობები, რომლებიც შეიძლება განისაზღვროს ამა თუ იმ პარტიციისთვის, რადგან კონკრეტული პარტიციის მოცულობა უნდა იყოს განსაზღვრული მისი დანიშნულების და მთლიანად სისტემის კონფიგურაციის მიხედვით.

„/“ დირექტორია – შეიცავს სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭირო ფაილებს. მისი მოცულობა უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებულია მყარი დისკის მოცულობაზე. ლინუქსის ინსტალაციის დროს უნდა განისაზღვროს პარტიცია, რომელზეც მოხდება სისტემის ინსტალაცია. ეს გახლავთ სწორედ root “/” პარტიცია, რომლის მიბმის წერტილი იქნება „/“ დირექტორია.

/home დირექტორია – შეიცავს ყველა იმ დირექტორიას და ფაილს, რომლებსაც ქმნის სისტემის მომხმარებელი. თუ სისტემას რამოდენიმე მომხმარებელი ჰყავს (მაგ. user1, user2), თითოეულ მათგანს ექნება საკუთარი home დირექტორია (მაგ. /home/user1, /home/user2). თუ სისტემას მრავალი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც მასზე ინახავენ საკუთარ ინფორმაციას, ასეთ შემთხვევაში სასურველია /home დირექტორიისთვის ცალკე პარტიციის გამოყოფა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ არ მოხდება მომხმარებლების ინფორმაციის დაკარგვა ან წაშლა სისტემის ხელახალი ინსტალაციის ან მისი განახლების დროს, რადგან ინსტალაციის დროს ჩვენ შეგვიძლია დავტოვოთ ეს პარტიცია უცვლელად ფორმატირების გარეშე. ხოლო თუ /home დირექტორიისთვის არ არის გამოყოფილი ცალკე პარტიცია, აღნიშნული დირექტორია განთავსებულია „/“ root პარტიციაზე და სისტემის ხელახალი ინსტალაციის დროს home დირექტორიაში არსებული ინფორმაცია იშლება ფორმატირების დროს. ინფორმაციის შესანარჩუნებლად საჭირო იქნება მისი გადატანა რომელიმე სხვა შემნახველ მოწყობილობაზე. /home პარტიციის მოცულობა დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ შექმნილი ინფორმაციის მოცულობაზე და მომხმარებლების რაოდენობაზე.

/boot დირექტორია – ეს დირექტორია ასევე ავტომატურად იქმნება სისტემის ინსტალაციის დროს და მასში ხდება ლინუქსის ჩამტვირთავი პროგრამის (მაგ. GRUB) და თავად ბირთვის ფაილის შენახვა. რეკომენდირებულია აღნიშნული დირექტორიისთვის ცალკე პარტიციის შექმნა მყარ დისკზე. ამ პარტიციისთვის არ არის აუცილებელი დიდი მოცულობის გამოყოფა, მაგრამ ის საკმარისი უნდა იყოს აღნიშნული ფაილების დასატევად. ცალკე პარტიციის შექმნა უზრუნველყოფს სისტემის დაზიანების შემთხვევაში კრიტიკული ფაილების ჩატვირთვას, რაც მოგვცემს სისტემის აღდგენის საშუალებას.

/usr დირექტორიაში ხდება ლინუქსის ძირითადი პროგრამების და მონაცემების შენახვა, რომლებსაც აინსტალირებს მომხმარებელი. ეს შესაძლოა ერთ–ერთი ყველაზე დიდი მოცულობის დირექტორია იყოს ლინუქსში, რაც დამოკიდებულია იმაზე თუ რა და რამდენ პროგრამას ვაინსტალირებთ სისტემაზე. აღნიშნული დირექტორიისთვის ცალკე პარტიციის გამოყოფა შესაძლებელია, მაგრამ არ არის რეკომენდირებული რადგან ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ. როდესაც სისტემას ვუშვებთ Recovery რეჟიმში) /usr დირექტორიაზე არ ხდება ავტომატური მიბმა შესაბამისი პარტიციის და საჭირო ხდება ამ მიბმის გაკეთება ხელით.

/usr/local წარმოადგენს ქვედირექტორიას, რომელშიც ძირითადად ხდება ლინუქსის ისეთი პროგრამების და მონაცემების შენახვა, რომლებსაც მომხმარებელი თავად აკომპილირებს. რადგან ამ დირექტორიაში არ ინახება სისტემისთვის კრიტიკული ფაილები, შესაძლებელია მისთვის ცალკე პარტიციის გამოყოფა. /usr/local დირექტორია გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში ხდება ისეთი პროგრამის ინსტალაცია, რომელიც არსებობს მხოლოდ პროგრამული კოდის სახით და მას არ გააჩნია საინსტალაციო პაკეტი. ან მაგალითად ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა სისტემაში ერთიდაიგივე პროგრამის ორი სხვადასხვა ვერსიის ინსტალაცია. ასეთ შემთხვევაში, პროგრამის ერთ–ერთი ვერსია თუ უკვე დაინსტალირებულია /usr დირექტორიაში, მეორე ვერსიის ინსტალაციით მოხდება წინა ვერსიის წაშლა. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად შესაძლებელია პროგრამის სხვა ვერსიის ინსტალაცია /usr/local დირექტორიაში.

/opt დირექტორიაში ძირითადად ხდება კერძო პროგრამების ინსტალაცია, მათ შორის კომერციული პროგრამების. აღნიშნული დირექტორია გამოიყენება ისეთი პროგრამების, რომლებიც არ არიან ინტეგრირებული ლინუქსის სტანდარტულ პაკეტების მენეჯერში. თუ ეს დირექტორია განთავსებული იქნება ცალკე პარტიციაზე, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სისტემის გადაინსტალირება ისე, რომ /opt პარტიციაზე შენახული პროგრამების ბინარული ფაილები არ წაიშლება და არ იქნება საჭირო მათი ხელახლა ინსტალაცია.

/var დირექტორიაში ინახება სისტემის ყოვდღიური ფუნქციონირებისთვის საჭირო ფაილები. მაგალითად: თუ სისტემაზე გამართულია mail ან print სერვერი, /var დირექტორიაში ინახება გასაგზავნი ელექტრონული წერილები ან ბეჭდვაზე გაშვებული ფაილები. ასევე ამ დირექტორიაში ინახება სისტემის მიერ გენერირებული ლოგები. ისეთ სისტემაზე, რომლისთვისაც ეს დირექტორია მნიშვნელოვანია, ინსტალაციისას მისთვის მყარ დისკზე ცალკე პარტიციის გამოყოფა ხდება.

/tmp დირექტორიაში ინახება დროებითი ფაილები. მაგალითად: როდესაც ხდება ვებ–სერვერზე ფაილების ატვირთვა. /tmp დირექტორიის გადავსებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისტემის მწყობრიდან გამოსვლა, ამიტომ წინასწარ უნდა განისაზღვროს თუ რა მოცულობა შეიძლება დაიკავოს ამ დირექტორიამ და შესაბამისად მისთვის ცალკე გამოიყოს პარტიცია მყარ დისკზე.

ზოგიერთი დირექტორიის, როგორიცაა: /etc, /bin, /sbin, /lib და /dev გამოყოფა ცალკე პარტიციად არ შეიძლება. აღნიშნულ დირექტორიებში ჩაწერილია ისეთი კრიტიკული სისტემური ფაილები, რომლის გარეშე სისტემა ვერ შეძლებს სწორად ჩატვრთვას. მაგალითად: /etc შეიცავს /etc/fstab ფაილს, რომელშიც განსაზღვრულია თუ რომელი პარტიცია რომელ დირექტორიაზეა მიბმული და /bin შეიცავს mount უტილიტას, რომელიც უზრუნველყოფს პარტიციების მიბმას შესაბამის დირექტორიებზე.

პარტიციების შექმნა შესაძლებელია როგორც ლინუქსის ინსტალაციის დროს, ასევე დაინსტალირებული სისტემიდან (მაგალითად თუ კომპიუტერში ამატებთ ახალ მყარ დისკს, ან გჭირდებათ არსებული პარტიციების მოცულობის შეცვლა). ინსტალაციის დროს სისტემა გაძლევთ საშუალებას შექმნათ პარტიციების სასურველი რაოდენობა და ტიპი. უკვე ინსტალაციის შემდეგ პარტიციების შექმნა ან მათი მოცულობის შეცვლა შესაძლებელია სპეციალური ინსტრუმენტის მეშვეობით (fdisk).

ამ თავის ბოლოს მოყვანილია ვიდეო ფაილები, რომლებშიც ნაჩვენებია ორი სხვადასხვა დისტრიბუტივის Ubuntu-ს და CentOS–ის ინსტალაცია. ინსტალაციის მსვლელობისას თქვენ ნახავთ მყარი დისკის პარტიცირების პროცესს, რომლის დროსაც ხდება მყარი დისკის დაყოფა რამოდენიმე პარტიციად და შემდეგ მათი ფორმატირება შესაბამისი ფაილური სისტემით. შემდეგ ქვე–თავში სწორედ ლინუქსის ფაილურ სისტემებს განვიხილავთ.