თქვენ ამჟამად იყენებთ სტუმრის სტატუსს (შესვლა)

ფაილური სისტემის ტიპები

ლინუქს გააჩნია როგორც საკუთარი, ასევე სხვა ოპერაციული სისტემების ფაილური სისტემის მხარდაჭერა. თუმცა სხვა ოპერაციული სისტემების ფაილურ სისტემებს გააჩნიათ გარკვეული შეზღუდვები, როდესაც ხდება მათი გამოყენება ლინუქსის პარტიციებზე. ამიტომ უმეტეს შემთხვევაში სასურველია გამოვიყენოთ ლინუქსის საკუთარი ფაილური სისტემები, რომლებიც შეიქმნა კონკრეტულად ლინუქსისთვის და მათში გათვალისწინებულია ლინუქს ოპერაციული სისტემის სპეციფიკაციები.


Ext2fs (Ext2) მეორე გაფართოებული ფაილური სისტემა – ეს არის ლინუქსის ტრადიციული ფაილური სისტემა, რომელიც შექმნილია ლინუქსისთვის 90–იანი წლების ბოლოს. ეს ფაილური სისტემა ითვლებოდა სტაბილურ ფაილურ სისტემად და თუმცა დღეს ის ჩანაცვლებულია სხვა უფრო გაუმჯობესებული ფაილური სისტემებით, იგი მაინც გამოიყენება ზოგიერთ მანქანაზე. მაგალითად, მისი გამოყენება შესაძლებელია /boot მცირე მოცულობის პარტიციისთვის, რომლისთვისაც ისეთი ფაილური სისტემების გამოყენება როგორიცაა Ext3 ან Ext4 შესაძლოა ნაკლებად მოხერხებული იყოს, რადგან აღნიშნულ ფაილურ სისტემებს გააჩნიათ დიდი ზომის ჟურნალი (ფაილური სისტემის ჟურნალზე მოგვიანებით ვისაუბრებთ). ამიტომ, მცირე ზომის პარტიციებზე შესაძლოა უმჯობესია უპირატესობა მივანიჭოთ არაჟურნალირებად ფაილურ სისტემას Ext2, რომლის ტიპის კოდია Ext2.

Ext3fs (Ext3) მესამე გაფართოებული ფაილური სისტემა – ეს ფაილური სისტემა ფაქტიურად იგივე Ext2-ია, რომელსაც გააჩნია ჟურნალი. შედეგად ჩვენ ვიღებთ ისეთივე სტაბილურ ფაილურ სისტემას, როგორიცაა Ext2, მაგრამ კვების გათიშვის ან სისტემის გაუთვალისწინებელი გადატვირთვის შემთხვევაში უფრო სწრაფად მოახდენს სისტემის აღდგენას. Ext3 ფაილური სისტემის ტიპის კოდია Ext3.

Ext4fs (Ext4) მეოთხე გაფართოებული ფაილური სისტემა წარმოადგენს შემდეგი თაობის ფაილურ სისტემას, რომელსაც გააჩნია შესაძლებლობა იმუშაოს ძალიან დიდი ზომის მყარ დისკებთან (32 ტერაბაიტზე მეტი) ან დიდი ზომის ფაილებთან (2 ტერაბაიტზე მეტი).

ReiserFS ეს ფაილური სისტემა უფრო მოხერხებულია მცირე ზომის ფაილებთან სამუშაოდ (32KB-ზე ნაკლები), რადგან ამ ფაილურ ისტემას გააჩნია ფაილების დაბოლოებების შემჭიდროვების სხვადასხვა მეთოდები. შესაბამისად, თუ პარტიციაზე ხდება მცირე ზომის ფაილების ჩაწერა, ReiserFS ფაილური სისტემის გამოყენებით შესაძლებელია საკმაოდ დიდი მოცულობის დაზოგვა მყარ დისკზე. ფაილური სისტემის ტიპის კოდის აღნიშვნა ხდება reiserfs–ით.

XFS ეს ფაილური სისტემა შექმნილია Silicon Graphics–ის (CGI) მიერ (Extents File System - XFS) IRIX OS ოპერაციული სისტემისთვის. მოგვიანებით პროგრამული კოდი გადაეცა ლინუქსს. ეს არის ტექნიკურად საკმაოდ ინტელექტუალური ფაილური სისტემა. IRIX ოპერაციულ სისტემაზე XFS ფაილური სისტემა ითვლებოდა საკმაოდ კარგ, ჩქარ და მოქნილ ფაილურ სისტემად, თუმცა ზოგიერთი ფუნქცია, რომელიც კარგად მუშაობს IRIX–ში არ არის ინტეგრირებული ლინუქსში. გამოიყენეთ „xfs“ ამ ფაილური სისტემის ტიპის კოდის განსაზღვრისთვის.

კონკრეტული პარტიციისთვის ფაილური სისტემის შერჩევა თავდაპირველად ხდება ოპერაციული სისტემის ინსტალაციის დროს. თუმცა ლინუქს გააჩნია არამარტო საკუთარი ფაილური სისტემების მხარდაჭერა, არამედ ისეთების რომლებიც გამოყენებულია სხვა ოპერაციული სისტემების მიერ (მაგ. FAT, NTFS), თუმცა გარკვეული შეზღუდვების გამო არ არის რეკომენდირებული სხვა ოპერაციული სისტემის ფაილური სისტემების გამოყენება. ფაილური სისტემის შერჩევა დამოკიდებულია კონკრეტულ პარტიციაზე და მის დანიშნულებაზე.

Swap მოცულობა

ლინუქსში ზოგიერთ პარტიციაზე არ ხდება ფაილების შენახვა, ასეთ პარტიციას წარმოადგენს swap მოცულობა, რომელსაც ლინუქსი აღიქვავს როგორც სისტემური მეხსიერების (RAM) გაფართოებას. ლინუქსი იყენებს პარტიციის ტიპის კოდს 0x82, რომ განსაზღვროს swap პარტიცია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მყარ დისკზე სხვა ოპერაციული სისტემის არსებობის შემთხვევაში იგი არ შეეცდება swap–ის პარტიციის გამოყენებას. ლინუქსი იყენებს /etc/fstab–ს იმისათვის, რომ განსაზღვროს თუ რომელი პარტიცია უნდა იყოს გამოყენებული swap მოცულობისთვის.

ჟურნალის მხარდაჭერა

თუმცა Ext2 ფაილური სისტემა წარმოადგენს სტაბილურ ფაილურ სისტემას, მას გააჩნია ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი – მას არ გააჩნია ჟურნალი. მაგალითად, კომპიუტერის გაუთვალიწინებელი გადატვირთვისას (კვების გათიშვის ან სისტემის გაუმართავი მუშაობის გამო), ოპერაციული სისტემის ხელმეორედ ჩატვირთვის შემდეგ ფაილური სისტემა შესაძლოა დაზიანდეს. ამის გადასამოწმებლად სისტემას სჭირდება მთლიანი დისკის შემოწმება. ეს ამოცანა ავტომატურად ხორციელდება კომპიუტერის ჩატვირთვისთანავე და ამ პროცესს შესაძლოა დაჭირდეს რამოდენიმე წუთი, ან თუ დისკის მოცულობა დიდია შემოწმება შეიძლება უფრო მეტი ხანს გაგრძელდეს.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად უმჯობესია ისეთი ფაილური სისტემების გამოყენება, რომლებსაც გააჩნიათ ჟურნალი. ეს არის სპეციალური ცხრილი, რომელშიც იწერება მყარ დისკზე მონაცემების ჩაწერის წინ, ამ ჩაწერასთან დაკავშირებული ნებისმიერი შესასრულებელი მოქმედების შესახებ ინფორმაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ მყარ დისკზე ნებისმიერი ცვლილების განხორციელებამდე, შესასრულებელი მოქმედებები აღწერილი იქნება ჟურნალში. შესაბამისად ყოველ კონკრეტულ მომენტში, ჟურნალში ინახება ინფორმაცია დისკის იმ კონკრეტული ადგილების შესახებ, რომლებშიც უნდა მომხდარიყო ცვლილება. კომპიუტერის გაუთვალისწინებელი გადატვირთვისას სისტემა ამოწმებს ჟურნალში არსებულ ჩანაწერებს და ამ ჩანაწერების მიხედვით ახდენს დისკზე მხოლოდ იმ ადგილების შემოწმებას, სადაც უნდა მომხდარიყო ცვლილება და არა მთლიანი დისკის. ფაილური სისტემის ასეთი ფუნქცია საკმაოდ აჩქარებს დისკზე ფაილური სისტემის მდგომარეობის შემოქმების პროცესს, შესაბამისად გადატვირთვის შემდეგ სისტემა უფრო ჩქარა უბრუნდება სამუშაო რეჟიმს.

ლინუქსის თანამედროვე დისტრიბუტივებში ჟურნალის მქონე ფაილური სისტემების გამოყენება უკვე იქცა სტანდარტად. ასეთ ფაილურ სისტემებს მიეკუთვნება: Ext3, Ext4, RaiserFS და XFS.